понедельник, 19 апреля 2010 г.

შენადნობები

აკმონიტალი (იტალ. Acmonital ანუ იტალიური სამონეტო ფოლადი - Acciaio monetario italiano) - უჟანგავი ქრომოვანი ფოლადი ნიკელის დანამატით. რომის ზარაფხანაში, ძირითადად, სწორედ ამ შენადნობით იჭრება იტალიის, ვატიკანისა და სან-მარინოს გაცვლითი მონეტები.

თითბერი, სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი, რომლის ძირითადი დანამატია თუთია (50%-მდე); თითბერი – ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ -მდე ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის იყო ცნობილი. XVIII საუკუნის ბოლომდე მას ღებულობდნენ ხის ნახშირთან შერეული სპილენძისა და თუთიის მადნის დნობით. XIX საუკუნიდან დაიწყეს სპილენძისა და თუთიის პირდაპირი შედნობა. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია. თითბერთაგან ამზადებენ ლენტებს, ფურცლებს, წნელებს, მილებს, მავთულს (დეფორმირებადი თუთბერი), აგრეთვე სხმულებს. თითბერის შემცველობის გაზრდასთან ერთად იცვლება თუთბერის ფერი წითლიდან ღია ყვითლამდე. თითბერს, რომელიც შეიცავს 10%-მდე თუთიას, ტომპაკი ჰქვია, ხოლო 10-იდან 20%-მდე - შემცველს კი ნახევრადტომპაკი. ეს შენადნობები გამოირჩევა კოროზიამედეგობით და გადიდებული პლასტიკურობით. მათ იყენებენ რადიატორების მილების, ფურცლების, ლენტის დასამზადებლად, ფოლადის მისატკეცად.


თითბერს, რომელიც შეიცავს 20% თუთიას, იყენებენ ნაკეთობათა ცივი შტამპვით, დაწნეხითა და ადიდვით დასამზადებლად. მექანიკური, ანტიკოროზიულ და სხვა თვისებათა გასაუმჯობესებლად სპილენძისა და თუთიის ორმაგ შემადნობებს უმეტესად ალუმინს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ტყვიას და სხვა ელემენტებს უმატებენ (ჯამში დაახლოებით 10-მდე). თითბერს, რომელიც შეიცავს 15% Zn და 0,5% Al აქვს ოქროს ფერი, გადიდებული ატმოსფერული კოროზიამდგრადობა; მას იყენებენ, როგორც ოქროს შემცვლელს, წარჩინების ნიშნების, მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად. თითბერი, რომელსაც დამატებული აქვს 1,5% Sn, ზღვის წყლის მიმართ კოროზიამედეგია. ტყვიის შემცველ თითბერს იყენებენ საავტომობილო და საათების მრეწველობაში. თითბერს იყენებენ აგრეთვე საერთო მანქანათმშენებლობაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, თბოტექნიკაში და წარმოების სხვა მრავალ დარგში.


ბილონური მონეტა, (ფრანგ. billon – დაბალსინჯიანი ვერცხლი), არასრულფასოვანი ლითონის მონეტა, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება შემცველი ლითონის ღირებულებასა და მოჭრის ხარჯს. ბილონური მონეტა ასრულებს მიმოქცევის საშუალების ფუნქციას, მიმოქცევაში ცვლის სრულფასოვან ოქროსა და ვერცხლის ფულს და ღირებულების ნიშანია. მას ჩვეულებრივ დაბალი სინჯის ვერცხლის ან სპილენძის, ნიკელის, ალუმინისა და მათი შენადნობებისაგან ჭრიან. 1933 წლიდან ყველა ქვეყანაში მხოლოდ ბილონური მონეტა შემოდის მიმოქცევაში.

ბრინჯაო, სპილენძის შენადნობი სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთან, უმთავრესად ლითონთან: კალასთან (კალიანი ბრინჯაო), ალუმინთან (ალუმინიანი ბრინჯაო), ბერილიუმთან (ბერილიუმიანი ბრინჯაო) და სხვა. ბრინჯაოს არ უწოდებენ მხოლოდ სპილენძისა და თუთიის (თითბერი), აგრეთვე სპილენძისა და ნიკელის შენადნობებს (სპილენძნიანი შენადნობები). უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.–მდე 3000 წლის წინ იცოდა (ბრინჯაოს ხანა). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ დარიშხანს, სტიბიუმს, ტყვიას, თუთიას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო.

ვარაუდობენ, რომ საქართველოში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაუწყიათ. პირველად დარიშხანიანი ბრინჯაო დაუმზადებიატ, შემდეგ მისთვის სტიბიუმი დაუმატებიათ (დარიშხანა - კვალიდან 2-3%-მდე, სტიბიუმი - კვალიდან 12%-მდე). შენადნობში დარიშხანის რაოდენობას განსაზღვრავდნენ ბრინჯაოს დანიშნულების მიხედვით, მაგ., ნაჭედიიარაღის დასამზადებლად განკუთვნილი ბრინჯაოშეიცავდა 0,5-7% დარიშხანს, სამკაულებისათვის განკუთვნილი კი - 7-22%-ს. კალიანი და სხვა ბრინჯაოს მეტალურგია საქართველოში განვითარდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში.

კალიანი ბრინჯაო კალას 14-18%-ს (ზოგჯერ მეტსაც) შეიცავდა. ასეთი რთული შედგენილობის შენადნობიდან ნივთებს ჭედვით და ჩამოსხმით ამზადებდნენ. კალიან ბრინჯაოს საუკეთესო სამსხმელო თვისებების გამო ფართოდ იყენებდნენ საომარი და სამეურნეო იარაღის (შუბები, მახვილები, სატევრები, ცულები), მონეტების, მხატვრული ნაკეთობებისა და სამკაულიების დასამზადებლად. შუა საუკუნეებში ბრინჯაოსგან ეკლესიის ზარებს ასხამდნენ. ასეთი ბრინჯაო 20%-მდე კალას შეიცავდა. XIX საუკუნიდან დაიწყეს ბრინჯაოს გამოყენება მანქანათმშენებლობაში (საკისრების მილისების, კბილანების, არმატურისა და სხვათა დასამზადებლად). ამ დარგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრინჯაოს ანტიფრიქციულ (ანტიფრიქციული მასალები) და ანტიკოროზიულ თვისებებს. შექმნილია სხვადასხვა მარკის სამანქანო ბრინჯაო, რომელიც შეიცავს კალას (10-15%-მდე), თუთიას (5-10%) და მცირე რაოდენობით ტყვიასა და ფოსფორს. XX საუკუნეში კალის დეფიციტურობის გამო დაიწყეს ბრინჯაოს შემცვლელის დამზადება. მაგ., შექმნილია ალუმინიანი ბრინჯაო, რომელიც საუკეთესო თვისებებისაა. იგი შეიცავს ალუმინს (5-12%), მცირე რაოდენობით რკინას, მანგანუმსა და ნიკელს. კარგი თვისებებით გამოირჩევა ბერილიუმიანი ბრინჯაოც (დამუშავებულია 20-30-იან წლებში). შენადნობი, რომელიც 2% ბერილიუმს შეიცავს, ზოგიერთ ფოლადზე მტკცეა. მაღალი სიმტკიცისაა კადმიუმიანი ბრინჯაოც. კადმიუმი უმნიშვნელოდ ამცირებს მის ელექტროგამტარობის უნარს. ამის გამო ამ შენადნობს იყენებენ ტელეგრაფის, ტელეფონისა და ტროლეიბუსის საკონტაქტო მავთულების დასამზადებლად. საუკეთესო თვისებებისაა აგრეთვე სილიციუმიანი ბრინჯაო, რომელიც მაღალი პლასტიკურობის გამო ადვილად მუშავდება წნევით. ბრინჯაოს თანამედროვე მანქანათმშენებლობაში, საავიაციო და სარაკეტო ტექნიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ბრინჯაოს საუკეთესო ჩამოსხმითი თვისებების წყალობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი მოდელის უფაქიზესი დეტალების რეპროდუქცირება. ბრინჯაო მკვრივია, ოქსილირების შედეგად იძენს მედეგ ფერს (ბუნებრივ პატინას), ადვილია მისი ქიმიური ტონირება (პატინირება), მოოქროვება, მოჭედვა და გრავირება, რაც ნაკეთობათა ფერისა და გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ბრინჯაო ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.

ლიგატურა, ძვირფასი ლითონის მონეტის მოსაჭრელად განკუთვნილი შენადნობისათვის დაბალი ხარისხის ლითონის დამატება; მაგ., ვერცხლის ან სპილენძის დამატება ოქროსათვის, სპილენძისა – ვერცხლისათვის და ა.შ.; ამგვარ შენადნობს ოქროთი ან ვერცხლით ლეგირებული ეწოდება, მონეტის ჩამოსხმისათვის მოხმარებულ შენადნობის მასას (წონას) კი მონეტის ლიგატურული მასა.

ფოლადი, რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2%–ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ რკინას, რომელიც რუსულ ენაში „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის უდიდეს მიღწევად ამ სახის ფოლადი ითვლება. ასეთი ფოლადის ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფოლადი არის საკონსტრუქციო, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე.


მაგნეტიტ-ი [ბერძ. magnētitēs] - მინერალი, რომელიც რკინას შეიცავს და აქვს მაგნიტური თვისებები; მაგნიტური რკინაქვა.


1 комментарий:

  1. საინტერესოა,
    ტექსტი სურათებით შეავსე:)

    ОтветитьУдалить